ახმეტაში ქინძის ეთერზეთების საწარმო აპრილში გაიხსნება და დაახლოებით ერთ თვეში, პროდუქცია გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გავა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „აგრო არომას“ დირექტორმა ზურაბ ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, კოსმეტიკურ საშუალებებში გამოსაყენებელი ეთერზეთების გარდა, საწარმოში ცხოველების, ფრინველების, თევზების საკვები და თექის ტანსაცმელი იწარმოება.
„აქედან ქინძის ეთერზეთების 100% მთლიანად ექსპორტზე გავა. ასევე, სურვილი გვაქვს, რომ თექის ტანსაცმელიც ექსპორტზე გავიტანოთ. რაც შეეხება საკვებს, ის მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ჩვენი მთავარი საექსპორტო ბაზრები ევროპის ქვეყნები იქნება, კერძოდ, საფრანგეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში გავიტანთ“, - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, წარმოებისთვის ნედლეულს ადგილობრივებისგან შეიძენს. რაც შეეხება წარმადობას: „ცხოველებისა და ფრინველების საკვების წარმადობა დიდი იქნება, თვეში 400-500 ტონას, ეთერზეთებს კი 20 ტონამდე ვაწარმოებთ. ეს პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, პროდუქცია რა რაოდენობით გაიყიდება. დაახლოებით 100 ჰექტარზე მთლიანად ეთერზეთოვანი კულტურების ნარგავებს გავაშენებთ“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება ინვესტიციის სავარაუდო მოცულობას, „აგრო არომას“ დირექტორის ინფორმაციით, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, პროექტის განხორციელებას 1 მილიონი დოლარი დასჭირდება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ინვესტიცია გაიზარდოს.
კომპანია „აგრო არომამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში ეთერზეთების, ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივლისში დაიწყო. ადგილზე 70 ადამიანი დასაქმდება.
თეონა კენჭიაშვილი