კომისია მობილური კომპანიების მიერ მსხვილი კორპორატიული კლიენტების მომსახურების პირობების მოკვლევას იწყებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური კომპანიების მიერ მსხვილი კორპორატიული კლიენტების მომსახურების პირობების მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.

ცნობისთვის, კომისიამ უკვე დაასრულა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მოკლევა და დაადგინა, რომ „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი.

კახა ბექაურის განმარტებით, ვის ხარჯზე ახდენდნენ კომპანიები სუბსიდირებას, ამაზე კომისია ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„იმის თქმა დღეს რომელი სამომხმარებლო ჯგუფის მიერ ხდება მეორე ჯგუფის სუბსიდირება ან დაფინანსება შეუძლებელია, რადგან სამომხმარებლო ჯგუფები ძალიან ბევრ სეგმენტებად იყოფა. შეიძლება სუბსიდირება კორპორატიული კლიენტების ხარჯზე ხდებოდა, შეიძლება საბითუმო ბაზრიდან არა საცალო და ჩვეულებრივი მომხმარებლების ხარჯზე. ამის დადგენას ყველა სამომხმარებლო ჯგუფის სეგმენტურად შესწავლა სჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შევქმნათ და ზოგიერთ მომხმარებელზე არ იყოს დემპინგური ტარიფი. ბაზარზე უნდა დადგეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ტარიფები და სწორედ ამას ემსახურება კომისია“ ,- განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, კონსოლიდირებული ტენდერის საკითხის შესწავლის გარდა კომისია იწყებს მოკვლევას თუ როგორი ტარიფით ემსახურებიან მობილური კომპანიები მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს და ამ ნაწილშიც ხომ არ აქვს ადგილი სუბსიდირებას და დემპინგურ ფასებს.

„ უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამივე ოპერატორისგან კორპორატიული კლიენტების მომსახურებებზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, თუ რა პირობებით და რა ტარიფებით ემსახურებიან ოპერატორები კომპანიებს და ხომ არ არის ეს დემპინგური ტარიფი, რომელიმე კორპორატიული მსხვილი კლიენტისთვის. ეს თუ დასაბუთდა და დადგინდა, რა თქმა უნდა იქნება დარღვევა, ამისთვის კომპანიები გაფრთხილების მერე უკვე ფინანსურ სანქციებს მიიღებენ“, - აცხადებს ბექაური.