ავტოსატრანსპორტო საშულებით გარევაჭრობისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარი იქნება. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გარევაჭრობისთვის ჯარიმა აქამდე დაწესებული იყო ყველასთვის, ვინც გარევაჭრობას ეწეოდა, როგორც მცირე პროდუქციის გაყიდვით, ასევე შედარებით დიდი ოდენობით პროდუქციის გაყიდვით და მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაყიდვის შემთხვევებში. მისი განმარტებით, მოხდება ჩაშლა და გარე ვაჭრობაზე ჯარიმები განსხვავებული იქნება.
„როცა გარევაჭრობას ვეხებოდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო ფიზიკური პირი, რომელიც მცირე პროდუქციით ვაჭრობდა, თუ პირი, რომელიც მოძრავი, მისაბმელი კონსტრუქციის მაგვარი საშუალებით ვაჭრობდა. ჩვენ ვაპირებთ ამის ჩაშლას, რომ ყველასთან ერთანირი მიდგომა არ იყოს, საჯარიმო სანქციებიც განსხვავებული იქნება. როცა დარღვევას ვნახავთ, მათ დაჯარიმებას ადგილზევე მოვახდენთ. საკრებულოს აქვს დადგენილება მიღებული, თუ სად არის აკრძალული გარევაჭრობა და ჩვენ ამას უფრო გავამკაცრებთ“, - აცხადებს ბაგრატიონი.
მისი თქმით, გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებითი შემთხვევებისთვის დაწესებული 100-ლარიანი ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე აიწევს: „ჩაშლის შემთხვევაში კი, მისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის ჯარიმა დაახლოებით, 1000 ლარი იქნება“.
ამასთან, გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარე ვაჭრობის მთლიანად აკრძალვას არ აპირებენ და ამისთვის შესაბამისი ლოკაციები გამოიყოფა.
„ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ადგილები გამოიყოს, ეს უფრო ტურისტულ ზონებში იქნება შესაძლებელი. ქაოტური გარევაჭრობის წინააღმდეგი ვართ, თორემ მოწესრიგებული გარევაჭრობა პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისი დოკუმენტაცია შედგება, აუქციონი გამოცხადდება, იქნება გარკვეული მოთხოვნები და ეს საკითხი მოწესრიგდება“, - აცხადებს ბაგრატიონი.
მისივე თქმით, დიდი ბაზრობები მზად არიან, რომ გარე მოვაჭრეებს გამოუყონ ადგილები, შეღავათიან ფასებში, მათ შორის თავდაპირველად უსასყიდლოდაც.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარევაჭრობის საკითხის მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენმა გუნდმა მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გადაუგზავნა პარლამენტს და მგონია, რომ ამ ცვლილებებით უფრო ეფექტური გახდება ზედამხედველობის ფუნქციები სხვადასხვა დარღვევების მიმართ, მათ შორის თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.