„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს.
ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებულმა საჩუქრებმა. მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება გარკვეულ კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიურომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეისწავლოს.
ქონებრივი დეკლარაციების სისტემის არსებობა ორ ძირითად მიზანს ემსახურება: თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების პრევენციას და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენას. ამ მიზნებიდან გამომდინარე, კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს ადგენს თანამდებობის პირებისთვის: მაგალითად, მათ ეკრძალებათ საჯარო სამსახურის პარალელურად რაიმე თანამდებობის დაკავება ან ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება კერძო სექტორში, ასევე ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებისთვისაც. ამავე დროს, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.
არსებული შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. თავისთავად ეს გამონაკლისი გონივრული და გამართლებული შეიძლება იყოს, თუმცა ამავე დროს არსებობს საფრთხე, რომ (სათანადო ზედამხედველობის არასებობის შემთხვევაში) ეს გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის დამალვის ან „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ - ანუ არაჯეროვანი შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრისა.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურის მიერ მსხვილი საჩუქრის (დიდი ოდენობით თანხის ან მაღალი ღირებულების ქონება-მომსახურების) დეკლარირება ხდება, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში მოხდეს ასეთი ტრანზაქციის გადამოწმება იმის დასადგენად, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას.
ამავე მიზეზით, თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ყურადღებით აკვირდება თანამდებობის პირების მიერ მიღებულ საჩუქრებს. ქვემოთ გთავაზობთ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებმაც (მათი ქონებრივი დეკლარაციების თანახმად) ბოლო პერიოდში მსხვილი საჩუქრები მიიღეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ 2017-18 წლებში შევსებული დეკლარაციები და წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე შემთხვევა გამოიკვეთა. იხილეთ სრულად