Rixos-ის ბრენდი ბორჯომში მდებარე სასტუმროს 13 აპრილს ოფიციალურად დატოვებს. საინტერესოა, დარჩება თუ არა ბრენდი თბილისში, გუდიაშვილის #3-ში მშენებარე Rixos-ის სასტუმროში.
„ბიზნესპრესნიუსმა“ დეტალების გარკვევა საინვესტიციო კომპანია City M-ში სცადა, რომლის დაკვეთითაც სასტუმროს მშენებლობა ხორციელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისური Rixos-ის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სასტუმროს გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა 2018 წლის დეკემბრამდე აუცილებლად გაიხსნება.
„თბილისში მშენებარე Rixos-ის სასტუმროდან ბრენდის გასვლა არ იგეგმება. კონტრაქტის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში სასტუმროს გავხსნით. სხვა დამატებითი დეტალების თქმა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია“, - აცხადებენ City M-ში.
რაც შეეხება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს და რომლის შვილობილი კომპანია არის City M, ადასტურებენ, რომ თბილისში Rixos-ის ბრენდი რჩება.
„Rixos-სთან კონტრაქტის გადახედვა ან გაუქმება არ იგეგმება და სასტუმროს მენეჯმენტში სწორედ აღნიშნული ბრენდი იქნება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნეს პალატაში.
Rixos-ის ბრენდი საქართველში ოფიციალურად 2015 წლის თებერვალში შემოვიდა. ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია და KazMunaiGaz Service-ის ერთობლივი პროექტია.
რაც შეეხება თბილისს, Rixos-ის ბრენდის სასტუმრო ინვესტორ კომპანია City M-ს 2016 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა გაეხსნა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმროს გახსნა 2017 წლის ოქტომბრამდე გადავადდა.
„Rixos თბილისი“, რომლის ბიუჯეტი 35 მლნ დოლარია, გუდიაშვილის ქ. №3-ში განთავსდება, სადაც 150 სასტუმრო ოთახი იქნება, მათ შორის, 32 ფეშენებელური ლუქსი და 500 კვ.მ-ის ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში ასევე განთავსდება: საცურაო აუზი, 500 კვ.მ-ზე მოწყობილი აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”, 5 საკონფერენციო დარბაზი და 1 000 კვ.მ ფართობის ფოიე, რომელიც გადაიქცევა ბიზნესშეხვედრების სივრცედაც.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მთავარი მისაღების ინტერიერზე ებრაელი, თურქი და იტალიელი ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. ასევე, სპეციალურად „Rixos თბილისისთვის“ მთავარი მისაღებისთვის კომპანია “ლასვიტის“ წამყვანი დიზაინერები ამზადებენ ექსკლუზიურ ჭაღს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ბოლო ეტაპის მოპირკეთების და მოწყობის მიზნით 12 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულება City M-მა “საქართველოს ბანკთან” 2015 წელს გააფორმა.
რაც შეეხება სასტუმროს გახსნის ამ დრომდე გადადების მიზეზებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში ერთი წლის წინ აცხადებდნენ, შენობა მუზეუმების უბანში მდებარეობს, რის გამოც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფასადის მასალას, რის გამოც სამშენებლო სამუშაოებმა გაცილებით მეტი დრო მოითხოვა.
თეონა კენჭიაშვილი