სამუშაოები, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება

სამშენებლო ნებართვის გაცემა-მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს „სამშენებლო ნებართვის შესახებ საქართველოს კანონი“ აწესრიგებს.

ამ კანონის საფუძველს „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონები წარმოადგენს.

Myclient.ge გთავაზობთ იმ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის მიღება საჭირო არ არის. კერძოდ, მშენებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა:

საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ დამხმარე სამეურნეო სათავსოს მოწყობაზე;

მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე, ბოსკეტი და სხვა), მოზარდთა ღია სპორტული და სათამაშო მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობაზე;

სანახაობითი ღონისძიების, სახალხო დღესასწაულისა და ბაზრობა-გამოფენისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობაზე;

სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 27კვ. მეტრს;

შენობა-ნაგებობის, მათ შორის, ფასადის, ყველა სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, არსებული გაბარიტების ფარგლებში;

ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე.

აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან წარადგინოთ საპროექტო დოკუმენტაცია და შეთანხმების შედეგად განახორციელოთ მშენებლობა.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამშენებლო სამუშაობს სრულიად უკონტროლოდ ვერ განახორციელებთ და სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სათანადო სამსახური განახორციელებს.

წყარო: Myclient.ge