„რეზონანსი" - ინტერნეტბაზარზე სრული განუკითხაობაა

საქართველოში ინტერნეტი ისევ ძვირია. საბითუმო ფასმა დაიკლო, თუმცა მომხმარებლებს მომსახურება ძველებურად მაღალ ფასად მიეწოდებათ.

ინტერნეტტარიფების სიძვირით საქართველო რეგიონში ლიდერია და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ აუცილებელია ბაზარზე ახალი, ძლიერი კომპანიების შემოსვლა, რაც ფასსა და მიწოდების ხარისხს შეცვლის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის განცხადებით, 2017 წლის ბოლოს ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ფასი 32 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა. კომუნიკაციების კომისია მუშაობს, რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ, ისინი ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტპროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

"ეს ფასი კიდევ დაბლა დაიწევს, მაგრამ აქ მხოლოდ ფასი არ არის მთავარი. მთავარია გაყიდვის წერტილების შექმნა, ანუ საბითუმო ინფრასტრუქტურის დაშვებისა და ტარიფის რეგულაციების შემოღება. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცირე და საშუალო ოპერატორებს საბითუმო იტერნეტბაზარზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ და კომისია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბითუმო ბაზარზე, და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნათ ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ კომისია მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა", - აცხადებს ბექაური.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ გოთოშია "რეზონანსთან" სწორედ იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში ინტერნეტის საცალო და საბითუმო ტარიფებს შორის დიდი განსხვავებაა, რაც აუცილებლად დასარეგულირებელია. არ შეიძლება, ფასებს შორის ისეთი განსხვავება იყოს, როგორიც ამჟამად ქვეყანაშია. ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც უნდა გამოჩნდნენ, რაც კონკურენტულ გარემოს შექმნის და სამომავლოდ ტარიფებზე დადებითად აისახება.

"მნიშვნელოვანია, საბითუმო და საცალო ფასს შორის მარჟა რამდენია, უნდა იყოს ნულთან მიახლოებული თუ 15-ჯერ ან 30-ჯერ მეტი. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო რეალური ფასია – საბითუმო თუ საცალო. ეს არის კომისიის გადასაწყვეტი. მთავარია, მათ შორის სხვაობა არ იყოს დიდი. სავარაუდოდ, საცალო ფასი უფრო მიახლოებულია რეალობასთან, სადაც ინტერნეტ, ტელევიზია და ტელეფონის მომსახურებაც შედის. მაღალია საბითუმო ინტერნეტის ტარიფი", - აცხადებს გოთოშია.

მისი თქმით, ამხელა განსხვავება საცალო და საბითუმო ტარიფებს შორის დიდად აზარალებს დარგის განვითარებას. მაგალითად, თუ ერთი მეგაბაიტის საცალო ღირებულება არის 1 ლარი, საბითუმო ღირს 30 ლარი.

"აუცილებელია, ამ ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც შემოვიდნენ, რათა კონკურენცია გაიზარდოს და ფასმაც დაიკლოს, მაგრამ როგორ შემოვლენ? საზღვრამდე ყველა მოდის, საზღვრიდან თბილისამდე კი ორი კომპანიაა, რომლებიც ფლობენ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს. ისინი ორჯერ მეტს ახდევინებენ მსურველს, ვიდრე ინტერნეტის საზღვრამდე მოყვანა ჯდება.

როგორც კი ეს დარეგულირდება, კიდევ უფრო მეტი კომპანია გაჩნდება და ფასიც შესაბამისი იქნება. ყველაფერს ხელს უშლის ის, რომ არ არის "ინტერნეტ ექსჩეინჯი", ქვეყანაში უნდა იყოს ერთი მიდგომა ყველასთვის, რაც ბაზარზე მონოპოლიას არ დაუშვებს", - განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ გოთოშიამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"