2017 წლის მონაცემებით ყველაზე მეტი, 450 ათასი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს.
ამის შესახებ „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოში მიგრანტთა 1990-2017 წლის მონაცემებია მიმოხილული.
კვლევის თანახმად, რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი, 80 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს საბერძნეთში; მესამე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც 70 ათასი საქართველოდან წასული ადამიანია.
ამასთან, ტოპ 9 ქვეყნის ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, მოხვდა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, კვიპროსი და იტალია.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გასულ წელს 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, რუსეთსა და უკრაინაში ქართველ ემიგრანტთა რიცხვი გაზრდილი, ხოლო საბერძნეთში პირიქით, შემცირებულია. კერძოდ, pew research center-ის კვლევის 2010 წლის მონაცემებით, რუსეთში 440 ათასი ქართველი; საბერძნეთში - 90 ათასი; ხოლო უკრაინაში 60 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კვლევითი ცენტრის 1990 წლის მონაცემებით, ტოპ 3 ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, საბერძნეთი ვერ მოხვდა. კერძოდ, 1990 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი - 660 ათასი ქართველი რუსეთში; 80 ათასი - უკრაინაში; ხოლო 70 ათასი - აზერბაიჯანში ცხოვრობდა. საბერძნეთი კი 40 ათასი ქართველი ემიგრანტით მე-4 ადგილზე იყო.