თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასება ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასება ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტის შეფასებას მერია უახლოეს მომავალში წარადგენს.

„დაწყებულია მუშაობა. ექსპერტთა კონკრეტული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი სპეციალისტებით უკვე მუშაობს და უახლოეს მომავალში, როგორც კი დასრულდება შეფასება, ჩვენს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ დედაქალაქის მერიას 26 თებერვალს წარუდგინა.

როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებდა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, რადგან ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია.

მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.