თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზე პარკირება აიკრძალება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქუთათელაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
„ახლა ვიმყოფებით საბურთალოზე, ქუთათელაძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება ამ პროექტის დასრულებას. აქ იყო პრობლემა ფეხით მოსიარულეებისთვის, რადგან ტროტუარები დაზიანებული იყო. ამ პროექტით ჩვენ გავაფართოვებთ ტროტუარებს. ასევე, აქ არის სკოლა და მოსწავლეებისთვის სკოლის წინ მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკოლის წინ დაზიანებული გზის საფარი გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ავტომობილების პარკირება ხდებოდა ტროტუარებზე, ესეც აიკრძალება. ეს კონკრეტული ქუჩა ორი კვირის განმავლობაში ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. სპეციალურად დავამთხვიეთ იმას, რომ ერთი კვირა სკოლებში დასვენებაა და გვინდა ეს დრო მოვიგოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ სასწავლო პროცესს“, - აღნიშნა კალაძემ.
თავის მხრივ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქუთათელაძის ქუჩაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება გამარტივდება.
„პროექტის ღირებულება შეადგენს 170 ათას ლარს. სამუშაოების დასრულებისას განახლებულ ტროტუარებზე დამონტაჟდება დამცავი ბოძები, აიკრძალება პარკირება, რის შემდეგაც ფეხით მოსიარულეებს, მოსწავლეებს, მშობლებს ექნებათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, რაც აქამდე საკმაოდ პრობლემური იყო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.