ძველ თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია უკვე დაწყო.
სამუშაოების ფარგლებში აღდგება და რესტავრაცია ჩაუტარდება 30 შენობას, საიდანაც რამდენიმე ულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის დაწყების პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ყველა ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა ადამიანს მოუწოდა, რომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იცავდა ამ კონკრეტულ მოედანს, ამ შენობა-ნაგებობებს, რომლითაც კახა კალაძის განცხადებით, ძალიან მალე ყველა იამაყებს.
„თბილისი ყოველთვის იყო და არის მრავალფეროვანი ქალაქი. თბილისი ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრი. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, იმ ცუდი და კარგი რაღაცების დასასრულიც და დასაწყისიც, რაც ხდებოდა, იყო თბილისი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. მინდა დღეს გუდიაშვილის მოედინიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მართლა ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ძეგლებს, თოთოეულ ეზოს, აივანს, ჭიშკარს მოვუაროთ, რომ შევინარჩუნოთ - ჩვენი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უფრო უკეთეს გახდის ხვალინდელ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს. თანხის განკარგვის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდმა“ „სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ წერილობით 14 თებერვალს მიმართა. აღნიშნულმა სააგენტომ „თბილისის განვითარების ფონდს“ ნებართვაზე თანხმობა 20 თებერვლის განკარგულებით დაუდასტურა.
„თბილისის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოები 30-მდე მისამართზე უნდა განხორციელდეს. პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.