უმთავრესი მაინც არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, თბილისი არის ის, რაც წინაპრებმა შემოგვინახეს და ეს არის ულამაზესი მემკვიდრეობა.
“მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც კახიმ ბრძანა, ნამდვილად, ჩვენი თბილისი არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს, ეს არის ულამაზესი მემკვიდრეობა, ჩვენ ვართ ნამდვილად უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ. ეს არის ჩვენი უდიდესი ვალი, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს მემკვიდრეობა. თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს აღვადგენთ და მოვუვლით. ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული. პირიქით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ ულამაზეს შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს, ასევე მოვუვლით, მაგრამ მეგობრებო, უმთავრესი მაინც არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები. ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას. ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლებისთვისაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩუქურთმა არ არის ძველი თბილისი. როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის და თბილისელების სუნთქვის შემნახველი. სწორედ ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის უდიდესი კულტურული ტრადიციები, რომელიც წინაპრებმა შემოგვინახა, ეს არის თბილისი და ჩვენი საქართველო. სწორედ ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე. 2019 წლის დასასრულს თბილისს კიდევ ერთი ლამაზი უბანი შემოემატება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერს ამ და სხვა ყველა საქმეში წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყველა ქალს რვა მარტი მიულოცა.