ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა დიდ ბრიტანეთთან „ბრექსიტის“ შემდეგ სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობისას, ყველა სექტორში ნულოვანი ტარიფით ვაჭრობის შესახებ განაცხადა.
ამის თაობაზე მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყნის ლიდერს ოთხშაბათს დაუგზავნა დირექტივები დიდ ბრიტანეთთან ახალი ურთიერთობის შესახებ, მას შემდეგ, რაც დასრულდება „ბრექსიტი“. როგორც მან ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნებს შორის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.
„მე გთავაზობთ ბრიტანეთთან ყველა სექტორში სავაჭრო ურთიერთობებს ნულოვანი ტარიფებით. როგორც ყველა სხვა სავაჭრო შეთანხმება, მან უნდა მოიცვას ასევე მომსახურების სფეროც. ხოლო თევზჭერაში უნდა შენარჩუნდეს თანაბარი წვდომა წყლებზე და რესურსებზე“, - განაცხადა ტუსკმა.
როგორც მოსალოდნელია, მისი წინადადება მიღებული იქნება 22-23 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე.
კოკა კვირკველია