ECB-ს გადაწყვეტილების მოლოდინში დოლარის კურსი წონასწორობას ინარჩუნებს

მსოფლიო სავაჭრო ომის საშიშროების განელების კვალობაზე და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) გადაწყვეტილების მოლოდინში, დოლარის ინდექსი წონასწორობას ინარჩუნებს.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან მიმართებით, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, გუშინდელი 89.36-დან, რაც ბოლო ორი კვირის მინიმუმია, 89.55-მდე გაიზარდა.

სავაჭრო ომის საშიშროება მას შემდეგ განელდა, რაც თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ფოლადსა და ალუმინზე საიმპორტო ტარიფებს რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, მეზობელ მექსიკას და კანადას არ გაუძვირებს. ამან შეერთებული შტატების პროტექციონისტული სავაჭრო პროგრამის დამკვიდრების პერსპექტივა შეამცირა.

ინვესტორები შიშობენ, რომ ტრამპის მიერ ახალი ტარიფების დამტკიცებაზე ხელის მოწერა, შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. გარდა ამისა, ასეთ ქმედებას ინფლაციის უკონტროლო ზრდის პროვოცირებაც შეუძლია. ბაზრები ახლა იმის მოლოდინში არიან, თუ რა პასუხი ექნებათ ამაზე სხვა ქვეყნებს.

ასეთი მოლოდინის გამო, ბაზარმა კერძო სექტორის არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა დადებითი სტატისტიკის გამოქვეყნებას პრაქტიკულად, იგნორირებით უპასუხა. არადა, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ ხვალ შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა გამოქვეყნდება.

დღეს კი ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს. შემდეგ კი ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის პრესკონფერენცია ჩატარდება, რომელზეც ინვესტორები და ანალიტიკოსები, ბანკის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მინიშნებებს დააკვირდებიან. მოსალოდნელია, რომ ECB ევროზე განკვეთს უცვლელად დატოვებს. ინვესტორებს ამაზე მეტად აინტერესებთ, თუ როდისთვის არის მოსალოდნელი ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაწყება.