ბიტკოინის და ციფრული ვალუტების უმეტესობის ფასები ვარდნას აგრძელებს. ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ფასს დღეს 10 პროცენტზე მეტი დააკლდა.
ამის მთავარი მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ იაპონიის მარეგულირებლებმა, ქვეყანაში რეგისტრირებული შვიდი გამცვლელი სავაჭრო პლატფორმის დაჯარიმება გადაწყვიტეს.
შუადღისთვის ბიტკოინის ბიტფაინქსის სავაჭრო პლატფორმაზე 10.2 პროცენტით, 9 620.1 დოლარამდე (ბოლო 24 საათის განმავლობაში) იყო შემცირებული.
კაპიტალიზაციის მხრივ, მეორე უდიდესი ციფრული ვალუტის, ეთერიუმის ფასს 9.13 პროცენტი დააკლდა და 737.11 დოლარამდე შემცირდა. 7.13 პროცენტით, 0.83971 დოლარამდე დაეცა რიპლის ფასი. ლაიტკოინის ფასმა კი 7.82 პროცენტით, 180.68 დოლარამდე დაიკლო.
გარდა იმისა, რომ იაპონიის ფინანსურმა სერვისებმა შვიდი გამცვლელი პლატფორმა დააჯარიმეს, მათგან ორის მუშაობა შეაჩერეს კიდეც. რეგულატორმა განაცხადა, რომ შვიდივე პლატფორმას არ აქვს საკმარისი შიდა კონტროლის სისტემები. მათ ამ ნაკლის გამოსწორება დაევალათ. ორ პლატფორმას მუშაობის უფლება ერთი თვით შეუჩერდა.
ამავდროულად, კომპანია „რიპლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ბრედ გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების ინდუსტრიას, რეგულატორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მართებს.