ბუდაპეშტში „ჭკვიანი“ სასტუმრო გაიხსნა, რომელსაც სმარტფონით მართავთ

უნგრეთის დედაქალაქში პირველი „ჭკვიანი“ სასტუმრო გაიხსნა, რომლის სტუმრებს მისი მართვა სმარტფონში, აპლიკაციის TMRW Hotels-ის საშუალებით შეუძლიათ.

საუბარია 4-ვარსკვლავიან სასტუმროზე KviHotel, რომელიც 40-ნომრიანია და რომლის სტუმრებსაც აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის, ნომრის დაჯავშნა და რეგისტრაცია. ასევე შესაძლებელია „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციის ნომერში გამოყენებაც, მაგალითად, თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვროთ პერსონალის მიერ ნომრის დასუფთავების დრო.

მობილური აპლიკაცია ამავდროულად არის გასაღებიც, რომლითაც შეხვალთ ნომერში და გვიან დაბრუნების შემთხვევაში თავად სასტუმროშიც კი. ამ გასაღებით იმართება ნომრის კონდიცირების სისტემა, მათ შორის, დისტანციურად ნომერში მისვლამდე შეგიძლიათ დაიხვედროთ სასურველი ტემპერატურა.

აპლიკაციის საშუალებით იღებთ პრაქტიკულად 24-საათიან პერსონალის მომსახურებას, რომელთანაც მესინჯერით კონტაქტობთ. სმარტფონითვე ხდება ნომრის საფასურის გადახდაც, მასში შეგიძლიათ პერსონალური მონაცემების განთავსება და ელექტრონული ხელმოწერის გაკეთებაც. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მომხმარებლების პირადი მონაცემები დაცულია და უსაფრთო ფორმატში ინახება.

აპლიკაცია მუშაობს როგორც Android-ის, ასევე iOS-ის სისტემაზე.

კოკა კვირკველია