სამშენებლო კომპანია ,,სვეტის” მენაშენეების საკითხი საკმაოდ დამაფიქრებელია.
როგორ განვითარდება კომპანიის ირგვლივ მოვლენები ჯერ გაურკვეველია. ამ ყველაფერს კარგად ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც თანხა გადახდილი აქვთ დაუსრულებელ კორპუსებში. ამიტომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ითხოვენ.
როგორც აქციაზე ,,სვეტის” მენაშენეებმა განაცხადეს, კომპანია ,,სვეტის” წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მირცხულავას ქ.N9-11-ში მშენებარე კორპუსების მშენებლობის დასრულებას ვერ ახერხებენ. ადგილზე მხოლოდ ორი სართულია აშენებული, როცა 2017 წლის დეკემბერში მენაშენეთა ნაწილს კორპუსში უკვე ბინები უნდა ჰქონოდათ და საცხოვრებლად შესულიყვნენ. ადგილზე სულ 18 კორპუსი უნდა აიგოს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გრიგოლ სირბილაძის თქმით, მას წინასწარ უკვე გადახდილი აქვს 73 ათასი დოლარი ორი ბინის შესაძენად. მშენებლობა ,,ალდაგს” ჰქონდა დაზღვეული, რის გამოც, ამ კომპანიას ენდნენ. თუმცა, გაარკვიეს, რომ 23 თებერვალს ,,ალდაგმა” მშენებლობის დაზღვევა შეწყვიტა.
აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიასთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.
ჯერჯერობით შეუვალია დედაქალაქის მერის კახა კალაძის პოზიცია. მისი თქმით, კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და ყველაფერი მოაწესრიგოს.
,,კომპანია ,,სვეტს” რაც შეეხება, სერიოზული დარღვევები აქვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იგი უკანონოდ ახორციელებდა მშენებლობას. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონოდ იმოქმედონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და აღარ მოხდება. შესაბამისად, დეველოპერებმა კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, კომპანია ,,სვეტი” ,,ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მერიასთან კომუნიკაციის შედეგად, სამშენებლო პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან განახლდება, თუმცა კომპანიას მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია ამ დრომდე არ წარუდგენია. რეალურად კი კომპანიას მხოლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგება არ უშლის ხელს, მას სერიოზული ფინანსური პრობლემებიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ ,,პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ასახული ცვლილებები უკვე ამოქმედდა და პირველი, ვისაც წესების დარღვევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო მშენებლობა შუჩერდა, კომპანია ,,სვეტია”. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, საზედამხედველო პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ნებისმიერი მშენებელი, რომელიც კანონს დაარღვევს ან შესაბამის დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენს, დაჯარიმდება ან შეუჩერდება მშენებლობის გაგრძელების უფლებამოსილება, სულერთია ეს მიმდინარე მშენებლობაა თუ დასრულებული.
დეველოპერული კომპანია ” სვეტი ” ქართულ ბაზარზე 2015 წლის ივნისიდან ოპერირებს. ამ მოკლე დროის მიუხედავად, ,,სვეტმა” შეძლო სამშენებლო ბიზნეს სფეროში მოეპოვებინა სანდო და მაღალი სტანდარტების მქონე დეველოპერული კომპანიის სახელი. ამავდროულად სვეტი პირველია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, რომელმაც ბინის შეძენის მსურველებს 10 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება შესთავაზა.
სამშენებლო კომპანია ,,სვეტს” უკავშირდება კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ადამიანთა დაჭერით დასრულდა. გამოძიების მონაცემებით, ადამიანთა ჯგუფმა კომპანია “სვეტის” დირექტორი გაიტაცეს, რომელსაც 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისგან აგრეთვე ბაკურიანში იმ მიწის ნაკვეთის მათზე გადაფორმებას მოითხოვდნენ, სადაც კომპანია ობიექტის აშენებას გეგმავდა.
როგორც იმ პერიოდში ბრალდებულების წარმომადგენლები მედია საშუალებებთან აცხადებდნენ, სამშენებლო კომპანია ,,სვეტის” დირექტორს, გია ჯიბლაძეს მათ წინაშე ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა. შესაბამისად, გატაცების საქმეში მონაწილე ადამიანების ადვოკატი ამბობდა, რომ ჯიბლაძემ ბრალდებულებს ეს ყველაფერი ,,გაუჩალიჩა” და როდესაც ბრალდებულები ჯიბლაძეს სანახავად და დასალაპარაკებლად შეხვდნენ, ჯიბლაძე დაცვის თანხლებით იყო.
როგორც ჩანს, სამშენებლო კომპანია "სვეტში" საქმე საკმაოდ რთულად არის. გახდება თუ არა ის მორიგი ,,ცენტრ პოინტი” და ატყუებს თუ არა კომპანია კლიენტებს, ამ საკითხებზე საზოგადოებაში მაღალი ინტერესი არსებობს, რასაც, იმედია, უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.
ბაჩო ჯინჭარაძე
წყარო: „ბანკები და ფინანსები"