თამბაქოს ინდუსტრია მთავრობასთან და პარლამენტთან გარიგებას ცდილობს, - ამის შესახებ ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც ამ საკითხის შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა.
თამბაქოს ინდუსტრია ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა ფორმით გადაბირებით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ბლოკირებას ცდილობს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ბრიტანულ - ამერიკული თამბაქოს“ და „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტს კანონის ერთ-ერთი მუხლის შეცვლა მოსთხოვეს. საუბარია მუხლზე, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე პიქტოგრამების (თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ამსახველი ფოტოების) დატანის ვალდებულებას გულისხმობს და 2018 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შევა. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრიასთან დაახლოებული პოლიტიკოსების მიერ პიქტოგრამების ვალდებულების გარკვეული პერიოდით გადავადების შესახებ ინიციატივა ერთ-ერთ საკომიტეტო განხილვაზეც გახმოვანდა.
თამბაქოს ინდუსტრია მოთხოვნის მიზეზად პიქტოგრამების დასაბეჭდად არასაკმარის დროს ასახელებს. თურმე სტამბებში ძალიან დიდი რიგია(?!), არადა პიქტოგრამების საკითხის მოსაგვარებლად, ან სულ ცოტა თადარიგის დასაჭერად საკმაო დრო ჰქონდათ. ჯერ კიდევ 2017 წლის 17 მაისიდან იცოდნენ ამ ვალდებულების შესახებ, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში კი უკვე დამტკიცებული 9 პიქტოგრამის ბეჭდვის ორგანიზებაზე ზრუნვა შეეძლოთ და თუნდაც დღევანდელი დღიდან, თითქმის 6 თვე აქვთ ამ საკითხის მოსაგვარებლად.
აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში პიქტოგრამების საკითხი 2 თვეში მოგვარდა, საქართველოზე მოსახლეობის რაოდენობით მრავალმხრივ აღმატებულ კანადაში კი 6 თვეში და ასეთი მაგალითები ბევრია. ამასთან, საქართველოში თამბაქოს იმპორტი ძირითადად უკრაინიდან შემოდის, საიდანაც თამბაქოს ნაწარმი სულ ცოტა 20 ქვეყანას მიეწოდება, მათ შორის პიქტოგრამებით და სტანდარტული შეფუთვითაც კი. შესაბამისად, წარმოუდგენელია საქართველოს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილონ.
რაც შეეხება ცალკეულად სტამბების საკითხს, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს შვიდი სტამბა, რომელიც პიქტოგრამებს ბეჭდავს, ევროპის ტერიტორიაზე კი ათეულობით ასეთი სტამბაა. სასაცილოა, როდესაც სტამბის მხრიდან პრობლემებზე ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიოს მონსტრი კომპანიები, როგორიც არის „ბრიტანული და ამერიკული თამბაქო“ და“ ფილიპ მორისი,“ რომელთა ფინანსური რესურსები უზარმაზარია და სრულად შეუძლია საქართველოს კანონით უკვე დადგენილ ვადებში მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, მათ მიერ აღნიშნული მიზეზით გადავადებაზე ლაპარაკი არის კანონის ბლოკირების კიდევ ერთი მცდელობა, რასაც არ დავუშვებთ!
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ყველა ის კომუნიკაცია რომელიც ამ საკითხის შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასა და ხელისუფლების წარმომადგნელებს შორის შედგა და შესაბამისი ორგანოები დაკავდნენ თამბაქოს ინდუსტრიასთან ჩინოსანთა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლით, რადგან ასეთი მცდელობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ინდუსტრიას მაღალ ეშელონებში დაინტერესებული მფარველები ჰყავს.
ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტის წევრებს ეყოფათ გონიერება და არ აყვებიან თამბაქოს ინდუსტრიის ცდუნებას, მათი მხრიდან მანიპულირების მცდელობას და კანონში არ განახორციელებენ სამარცხვინო და საზოგადოების ხელის შემშლელ ცვლილებას, არ დაუშვებენ, რომ სადა შეფუთვის მსგავსად, პიქტოგრამებით შეფუთვაც გადავადდეს, თუნდაც რამდენიმე თვით“, - ნათქვამია განცხადებაში.