სამშენებლო კომპანია GDG ჯგუფმა ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“კომპანიის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ვანში პირველი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება.
მასში 25 ნომერი, რესტორანი, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები განთავსდება. სასტუმრო ტურისტებზე გათვლილი იქნება, რადგან ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და არქეოლოგიური მუზეუმის აშენების შემდეგ, ვანში ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ბრენდს, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვს, სასტუმრო რა ბრენდის იქნება: „ჯერჯერობით ამაზე ვფიქრობთ. ბრენდის შემოყვანის ნაცვლად, შესაძლოა, თავად შევქმნათ ბრენდი, რომელიც ჩვენი კომპანიის ყველა პროექტის მენეჯმენტში შევა“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად 1,5 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
თეონა კენჭიაშვილი