ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების ფასები ვარდნას აგრძელებს.
ამჯერად მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების ბაზრების კომისიამ (SEC), ციფრული ვალუტების ინტერნეტ პლატფორმების მუშაობის წესები უკანონოდ გამოაცხადა.
კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი არსის შესაბამისად ციფრული ვალუტები ფასიან ქაღალდებად უნდა ჩაითვალოს. და რადგან ასეა, ნებისმიერი სავაჭრო-გამცვლელი პლატფორმა, რომელიც ციფრულ ვალუტებზე მუშაობს, რეგულატორმა უნდა დაარეგისტრიროს. არადა, ბევრ ონლაინ პლატფორმას ასეთი რეგისტრაცია გავლილი არ აქვს.
დღეს ბიტკოინის ფასი არა მხოლოდ 10 000-დოლარიან ზღვარს ჩამოსცდა, არამედ ცოტა ხანს 9 000 დოლარზე დაბლაც ჩამოვიდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კლება სხვა ციფრულ ვალუტებზეც ფიქსირდება.
„ზოგი ასეთი პლატფორმა აცხადებს, რომ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ და მხოლოდ ხარისხიანი ციფრული აქტივებით ვაჭრობენ, მაგრამ SEC-ს არც ეს სტანდარტები შეუმოწმებია და არც მათ მიერ არჩეული ციფრული აქტივები. ამიტომ, მათ მიერ დასახელებული სტანდარტები, შესაძლოა, ლისტინგის იმ წესებს არ აკმაყოფილებდეს, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ამერიკული პლატფორმებისთვის არის აუცილებელი“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კომისიის გაფრთხილება იმავე დღეს გამოქვეყნდა, როცა პლატფორმა „კოინბეისმა“ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების საკუთარ საინდექსო ფონდს აყალიბებს. ციფრული ვალუტების პოპულარობის ზრდის კვალობაზე, წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მარეგულირებელი ორგანიზაციები სულ უფრო ინტენსიურად ცდილობენ ციფრული ვალუტებით ვაჭრობაზე კონტროლის დაწესებას.
რამდენიმე დღით ადრე, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ, ციფრული ვალუტების შვიდი პლატფორმა დააჯარიმა. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მათ შიდა კონტროლის სავალდებულო სისტემები არ გააჩნიათ. ორი პლატფორმის მუშაობა კი ერთი თვით შეჩერდა.