თუ მოგზაურობა გიზიდავთ და თან გამოცდილი მოგზაურების შეხედულებების გაზიარება გსურთ, ეს სტატია თქვენთვისაა. ხშირად ქალაქს და ქვეყანას სამოგზაუროდ სწორედ სხვისი გამოცდილების საფუძველზე ვირჩევთ. უკვე გამოცდილი მოგზაურების რჩევები და რეკომენდაციები კი გვეხმარება სწორად დავგეგმოთ მოგზაურობა. Allnews.ge ორ მოგზაურს გაესაუბრა, რომლებმაც ის ადგილები აღწერეს, სადაც ვიზიტი განსაკუთრებით უსიამოვნო და უინტერესო ან ყველაზე შთამბეჭდავი იყო.
დავით გიგილაშვილი უკვე 34 ქვეყანაშია ნამყოფი, ამჟამად კი ნორვეგიაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ევროპას ძალიან შეეჩვია, ამიტომ პირველი შთაბეჭდილებების შემდეგ აქ ყველაფერი მისთვის ერთფეროვანია. განსაკუთრებით კი იაპონია, ყატარი, აშშ და კანადა მოსწონს.
"იაპონიაში განსაკუთრებით გასაოცარი ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა იყო. ქართველებს რომ გვჩვევია სტუმრის დაპატიჟება და "თან გადაყოლა", სწორედ ასე იცის ამ ხალხმაც. კანადაში ბუნების წარმოუდგენელმა ფერებმა გამაოცა, რაც შეეხება აშშ-ს, აქ უნივერსიტეტში ვმუშაობდი და ყველაფერი, ცხოვრების ტემპი, ტექნოლოგიები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო", - აღნიშნავს მოგზაური.
დავითისთვის ყველა ქვეყანა საინტერესოა, ამბობს, რომ ყველგან არის ისეთი რამ, რისთვისაც შეიძლება ჩასვლა ღირდეს, სადაც შეგიძლია, ყოველდღიურ რუტინას მოწყდე და რაღაც უცხო და ახალი ნახო, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ იმედი მაინც გაუცრუა.
"უნგრეთში ტურისტების მიმართ ხალხის დამოკიდებულება არ მომეწონა, მაგალითად, მაღაზიაში ხურდაში მატყუებდნენ. ასევე საფრანგეთში, სადაც 5-6 თვის განმავლობაში ვსწავლობდი, აღმოვაჩინე, რომ იქ ხალხმა ინგლისური ან უბრალოდ არ იცის ან საუბარი ერიდებათ, ასევე ადგილობრივებთან კომუნიკაციის პრობლემაც მქონდა. ამ ორ ქვეყანაში თითქოს თავი კომფორტულად ვერ ვიგრძენი. ტურისტული თვალსაზრისით ორივე ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ამოუწურავი რაოდენობის ღირსშესანიშნაობების პატრონები არიან", - განმარტავს დავით გიგილაშვილი.
კიდევ ერთი მოგზაური დავით გოროზიაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაშია ნამყოფი, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მასზე შვეიცარიამ და ნორვეგიამ მოახდინა. მისი თქმით, ორივე ქვეყანაში მოგზაურობას ბევრი ფინანსები ესაჭიროება, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა დაბალი ბიუჯეტითაც შესაძლებელია.
"მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და არა მაღაზიებში და სასტუმროებში ყოფნას და ძვირად ღირებული კერძების მირთმევას. მაგალითად, ნორვეგიაში ბევრი ისეთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ნორვეგიული ორაგულის მირთმევას ნამდვილად სჯობს,"- აღნიშნავს ის.
რამდენიმე ადგილის მიმართ უკმაყოფილება დავით გიგილაშვილსაც აქვს. მაგალითად, პოლონეთსა და ბულგარეთში მას იმედი ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუცრუა.