რამდენიმეწლიანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის წილი გაიზარდა, რაც უკავშირდება მეზობელი ქვეყნებიდან მანქანების მოთხოვნის შესამჩნევ მატებას.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რეგიონის ქვეყნებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, შესაბამისად, დადებითი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება, უფრო მეტიც, ავტობიზნესში კრიზისია მოსალოდნელი.
2014 წელს ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა 517 მლნ დოლარი იყო, 2015 წელს კი ერთბაშად 179 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო 2018 წელს ამ მაჩვენებელმა კიდევ დაიკლო და 166 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა. ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა შარშან, როდესაც საქართველოდან რეექსპორტირებული მანქანების საერთო ღირებულებამ 234 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის 40%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს.
როგორც იქნა, ამ მიმართულებით ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ახალი რეგულაციებისთვის ემზადებიან, კერძოდ, სომხეთმა, რომელიც ბოლო დროს ავტომობილების მთავარი საექსპორტო ქვეყანაა, გადაწყვიტა, აპრილიდან ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა აკრძალოს, ხოლო აზერბაიჯანმა, რომელიც ავტომობილები ს რეექსპორტში მესამე ადგილს იკავებს, უკვე დააანონსა მიმდინარე წელს აქციზის განაკვეთის ზრდა.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა", "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დადებითი ტენდენცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და 2018 წელს ქართველი ავტოდილერები კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.
"2017 წლის მზარდი მაჩვენებელი დროებითია იმიტომ, რომ აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც დაიწყო ახალ რეგულაციებზე მუშაობა. აზერბაიჯანში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვნად გაძვირდა საბაჟო ტარიფები. როგორც 2017 წლის იანვრიდან საქართველოში მოხდა, იგივე პოლიტიკა გაატარეს აზერბაიჯანშიც. ამ ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის მოსაკრებელი გაიზარდა. ეს წინასწარ იყო ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანიებისა და იმ დილერებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის ბაზარზე ახდენდნენ ავტომობილების რეალიზებას. ამიტომ მათ წინასწარ დიდი ოდენობით მანქანები შეიძინეს, რომ შემდგომ ძველი ტარიფით განებაჟებინათ. შარშანდელი სტატისტიკა არ ნიშნავს, რომ ტენდენცია არის მზარდი, პირიქით, 2018 წელი იქნება საკმაოდ რთული წელი ავტობიზნესისთვის. აზერბაიჯანში უვე ავტომობილების ერთი წლის მარაგია.
დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა სომხეთში, სადაც 2018 წლის 1-ლი აპრილიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა. ამის გამო გაიზარდა მოთხოვნა, ავტოიმპორტიორებმაც დიდი რაოდენობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შეუკვეთეს და რეგულაციის ამოქმედებამდე ახდენენ მათ განბაჟებას. ამ გარე ფაქტორებმა, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, შარშან რეექსპორტის მკვეთრი ზრდა განაპირობა", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.
ავტოიმპორტიორი კომპანია "იამოტოს" ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე კი ამბობს, რომ ბიზნესი და დილერები გადაეწყვნენ ახალ მოთხოვნებზე. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ 2017 წელს რეექსპორტის წილი საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში გაზრდილია.
"ამას გარდა, ახალი ქვეყნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ საქართველოდან მანქანების შეყვანით, მაგალითად, ასეთია უკრაინა. ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ამ ქვეყნის მოთხოვნამ განაპირობა რეექსპორტის ზრდა. რაც შეეხება ბოლო ორი თვის მონაცემებს, ჯერ ზუსტი ციფრები არ არსებობს, თუმცა ისეთი მდგომარეობაა ამ ეტაპზე, როგორიც შარშან", - განუცხადა "რეზონანსს" მაისურაძემ.
მეზობელ ქვეყნებში, სადაც საქართველოდან რეექსპორტით ავტომობილები გაჰყავთ, იმპორტირებულ მანქანებზე აქციზის მოსაკრებელი გაიზარდა, რამაც 2017 წელს მოთხოვნა გააჩინა, თუმცა ავტოიმპორტიორი გიორგი ცერცვაძე მსგავს ზრდას არ ელოდება 2018 წელს. მეზობელმა ქვეყნებმა მარაგი უკვე შექმნეს, შესაბამისად, წელს მოთხოვნაც დაიკლებს.
"ნამდვილად მოიმატა რეექსპორტის მაჩვენებელმა. ძირითადი მოთხოვნა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნებში დაწყებულ რეგულაციებს. ასე ვთქვათ, ავტომობილების მარაგი შექმნეს და როდესაც რეგულაცია ამოქმედდება, ძველი ფასით განაბაჟებენ მათ. ჩვენი მდგომარეობა ამ მხრივ საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა რა იქნება წელს, არ ვიცი. ვფიქრობ, რეექსპორტის წილი შემცირდება", - განუცხადა "რეზონანსს" ცერცვაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"