საქართველოში კომპოზიციური არმატურის პირველი საწარმო იხსნება. საწარმო ვანში მდებარეობს და პროექტი დეველოპერული კომპანია GDG ჯგუფის დამფუძნებელს ბეჟან წაქაძეს ეკუთვნის.
როგორც ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კომპოზიციური არმატურის საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში უახლოეს 2-3 კვირაში შევა.
მისი ინფორმაციით, მსგავსი ტიპის საწარმო ქვეყანაში პირველი იქნება.
„ეს არის კაპიტალური, ავტომატიზირებული ხაზი, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ არის. ქვეყანაში მზადდება შედარებით მოკლე არმატურები და ისიც კუსტარულად. ევროპაში, რუსეთში მსგავსი საწარმოები ბევრია. წარმადობა საკმაოდ მაღალი ექნება და პროდუქცია უფრო მდგრადი“, - აღნიშნავს წაქაძე.
მისივე თქმით, კომპოზიციური არმატურის საწარმოში ერთი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. სამომავლოდ პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა და ექსპორტზე გატანაც იგეგმება.
„დაგეგმილი გვაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის პროდუქცია გამოვუშვათ. თავდაპირველად არმატურას ჩვენივე კომპანიის პროექტებში გამოვიყენებთ. შემდეგ უკვე ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. სამომავლოდ კი მისი ექსპორტიც იგეგმება, მათ შორის აზერბაიჯანში გატანა“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. ახალ საწარმოში 40-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
თეონა კენჭიაშვილი