ხობის რამდენიმე სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

შემოდგომიდან ხობის რამდენიმე სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შემოდგომიდან ყულევის, შუა ხორგის და ქარიატას მოსახლეობა 24 - საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებს წყლის პრობლემა ათეული წლებია აწუხებთ. დღემდე, სასმელ წყალს მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სპეციალური წყალმზიდებით აწვდის.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტი ითვალისწინებს 34 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალის მოწყობას. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.