გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და აშშ-ს საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმენიმ პრაქტიკოსი აგრონომების ტრენინგ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში ჩართული იყო საქართველოს 10 რეგიონი, 7 ქალაქში 96 თეორიული და 60 პრაქტიკული სესია ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები.
როგორც მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, აშშ სოფლის განვითარების კუთხით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი ქვეყანაა.
„ექსტენციის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან სწორედ ექსტენციის მეშვეობით ფერმერთან ჩვენ მიგვაქვს ცოდნა და ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რათა ამაღლდეს მათი კონკურენტუნარიანობა. ეს პროექტი ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ფერმერებთან, ამ სასერთიფიკაციო კურსებში აღიჭურვნენ ახალი უნარჩვევებით, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული და სამომავლოდ ამ ცოდნას გადასცემენ ფერმერებს“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვასწავლოთ ფერმერებს და გავუზიაროთ მათ ის ინფორმაცია, რაც მართლა გამოადგებათ მომავალში, ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვებსაც, რათა უფრო მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა ბროკ ბირმენიმ.
პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა პრაქტიკოსი აგრონომების ცოდნის გაღრმავება, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის, არატრადიციული კულტურების და ახალი ჯიშების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ექსტენციის სერვისის ეფექტიანობის გაზრდას. რეგიონალურ უნივესრიტეტებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგრიცაა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები.
პროგრამა განხორციელდა საქართველოს აგრარული და სამი რეგიონული უნივერსიტეტის მეშვეობით, და საქართველოს მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 103-მა თანამშრომელმა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.