თბილისში ნერგების ფესტივალი ჩატარდება

ხვალ, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული - ნერგების ფესტივალი გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“GBTIMES Georgia-დან აცნობეს.

„ფესტივალი, GBTIMES Georgia-სა და ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.

გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობა, მათ შორის, GBTIMES Georgia-ს წევრი მედია საშუალებების (რადიო შოკოლადი, JAKO FM, LIFE FM) პირდაპირი მაუწყებლობა, მედია ჰოლდინგის პარტნიორი ჟურნალის - National Geographic საქართველოს მოკლე ლექცია ტყის მოვლის და დაცვის შესახებ, ცნობილი ადამიანების ჩართულობა აქციაში, სერთიფიკატების და სპეციალური ჯილდოების გადაცემა“, - აღნიშნულია GBTIMES Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამწვანების აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ვარკეთილში დაიწყება.