ყალბი 100-ლარიანების შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.