თბილისსა და მის შემოგარენში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო პერიოდში დედაქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები სწრაფად შენდება და შესაბამისად, მოთხოვნილება მიწის ნაკვეთებზეც იზრდება.
Myclient.ge-ს დირექტორის გვანცა გუჯელაშვილის განცხადებით, მიწის ნაკვეთების ფასს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.
„პირველი ფაქტორი, რაც მიწის ნაკვეთის ფასზე მოქმედებს - ადგილმდებარეობაა. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია შემოგარენში ინფრასტრუქტურა და რამდენად გამართულია კომუნიკაციები (წყალი, გაზი, ელექტროენერგია, საკანალიზაციო სისტემა დ ა.შ.),“- აცხადებს გუჯელაშვილი.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთების ფასს თბილისის მასშტაბით, გუჯელაშვილის განმარტებით ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთებზე ყველაზე დაბალი ფასი არის გარეუბნებში, სადაც მიწის ნაკვეთის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 50-70 დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში მერყეობს. მისივე ცნობით, იგივე ფასებია დიდ დიღომშიც. სხვა უბნებში კი ღირებულება შედარებით მაღალია.
მაგალითად, ვაკეში მიწის ნაკვეთი 100-180 დოლარის ექვივალენტი ლარში ფასდება, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი არის დიღმის მასივსა და ძველ თბილისში, სადაც მიწის ნაკვეთის ფასი 200-300 დოლარის ექვივალენტი ლარში მერყეობს.