თებერვალში საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4 ათასი ტონით გაიზარდა

გასულ თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 6 ათასი ტონით; ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე - 2,4 ათასი ტონით მეტია.

კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,1 ათასი ტონა შეადგინა.

„საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,1 ათასი ტონა ანუ 66,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,3 ათასი ტონა ანუ 30,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 3%.

ქვეყნების მიხედვით კი, თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 26,5 ათასი ტონა - რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 17,3 ათასი ტონა (23,1%), თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი - 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი - 5,2 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი - 2,9 ათასი ტონა (3,9%),“-ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

მათივე ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის თებერვლის იმპორტი აღემატება როგორც იანვრის, ასევე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ქვეყანაში საწვავის მოხმარება კვლავინდებურად სტაბილურად მაღალ ნიშნულზე დგას.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, წინა თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 0,6 ათასი ტონით ნაკლებია. იანვართან შედარებით 0,6 ათასი ტონით გაიზარდა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და 1,4 ათასი ტონა შეადგინა.

ამასთან, საავიაციო ნავთის იმპორტმა 3,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,9 ათასი ტონით მეტია; გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა კი 0,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელზე 0,9 ათასი ტონით ნაკლებია.