საქართველოში 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.
როგორც შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან იუწყებიან, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1-ელ აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის 1-ელი მარტიდან. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.