მეწყერის ქვეშ მოყოლილი მუშები ”დარიალიჰესზე” მუშაობდნენ

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მუშები, რომლებიც ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოყვნენ, არა ”ლარსიჰესზე”, არამედ ”დარიალიჰესის” მშენებლობაზე მუშაობდნენ.

ელოშვილის თქმით, ლარსიჰესის მშენებლობა უკვე დასრულებულია და რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულ ტექნიკას, ის ”დარიალიჰესის” მშენებლობას ემსახურება.

ილია ელოშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი ”ლარსიჰესის” მშენებლობა არ ყოფილა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სპეციალისტები შემთხვევის ადგილას ვერტმფრენებით უკვე გაემგზავრნენ და მეწყერის ჩამოშლის მიზეზებს შეისწავლიან.

საქართველო - რუსეთის საზღვართან ახლოს, მდინარე თერგზე 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის ‐ 90%‐ის ‐ მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწავნე ალტერნატივა” ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა და ითხოვდა, რომ სასამართლოს გაეუქმებინა ჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც ჰესის მშენებლობის შეჩერებას გამოიწვევდა.