ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის აღსადგენად, ირანი ერაყს 3 მილიარდი დოლარის ოდენობით საკრედიტო ხაზს გამოუყოფს, -
ამის შესახებ ბაღდადში ვიზიტად მყოფმა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაკ ჯაჰანგირიმ განაცხადა.
„ირანი ერაყს 3 მილიარდით დაეხმარება და ეს თანხა მიემართება კერძო სექტორის აღდგენისკენ, რათა კერძო სექტორმა მეტი ტვირთი იკისროს ქვეყნის აღდგენის საქმეში“ - განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა.
სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ჯაჰანგირის განცხადებით, ირანი და ერაყი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას იწყებენ. გარდა ამისა, ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ირანისა და ერაყის რკინიგზის შეერთება, რის საფუძველზეც აშენდება 30 კილომეტრიანი მონაკვეთი. „ამის განხორციელებით, ერაყი შეძლებს წვდომას ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან, ხოლო ირანის რკინიგზა ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწევს“, - დასძინა მან.
როგორც ცნობილია, ერაყის აღსადგენად ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით საჭიროა 55-დან 100 მილიარდ დოლარამდე. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება კი ქვეყანამ 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
კოკა კვირკველია