პარლამენტში ინიცირებულია საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას და დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.
“საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
ახალი საგადასახადო ინიციატივა გულისხმობს მცირე მეწარმეებისათვის საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას - საშემოსავლო გადასახადი 5%-დან 1%-მდე შემცირდება. ამასთან, მცირე მეწარმის სტატუსის ქონისთვის შემოსავლის ზღვარი 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება.
ცვლილებებით მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა - კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და ბუღალტრული აღირცხვის ვალდებულება აღარ იქნება. ვალდებულება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.