დოლარმა ახალი კვირა მცირე კლებით დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის ბოლოს, შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული შრომის ბაზრის სტატისტიკა, დოლარის კურსისთვის ბიძგის მიმცემი უნდა ყოფილიყო, ამერიკულმა ვალუტამ ახალი კვირა მაინც კლებით დაიწყო.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ გასულ თვეში არასასოფლო სფეროში 313 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ეკონომისტთა პროგნოზზე (200 000) გაცილებით მეტია. ეს ბოლო წელიწადნახევრის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მაგრამ იმავდროულად, საათობრივი ანაზღაურების ზრდამ მხოლოდ 0.1 პროცენტი შეადგინა და ხელფასის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2.6 პროცენტზე ჩამოვიდა.

ხელფასების ზრდის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლის გამო, ანალიტიკოსები დაუბრუნდნენ ძველ პროგნოზს, რომლის შესაბამისადაც, ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს წელს სამჯერ ასწევს და არა ოთხჯერ, როგორც შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე ვარაუდობდნენ.

ასეა თუ ისე, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან ამერიკული დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 90.04-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, გასული კვირის ბოლოს ინდექსი 90.36-მდე იყო გაზრდილი.

ამ მომენტისთვის ევრო დოლარის წყვილის ფასი 1.2301 დოლარზეა, სტერლინგისა და დოლარის წყვილი კი 1.3888 დოლარი ღირს. დოლარმა პოზიციები ოდნავ დათმო იენთან წყვილშიც და ამჟამად ერთი ამერიკული დოლარი 105.51 იენი ღირს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და იაპონიის ბანკმა ევროსა და იენზე საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვეს. და მაინც, ანალიტიკოსები ახლა იმის მოლოდინში არიან, თუ როდის გადაწყვეტს ევროპის ბანკი ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაწყებას. ეს კი ევროს დადებით ბიძგს აძლევს.