მეწარმე სუბიექტებისათვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადაუკვე ამოიწურა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ 2018 წლის 11 მარტს ამოიწურა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადა იმ მეწარმე სუბიექტებისათვის, რომელთაც დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოზიდული ჰქონდათ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან.
შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით - ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე - ფიზიკური პირებისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge ან შემდეგ ნომერზე 2 406 406“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.