თბილისს 16 პარტნიორი ქალაქი ჰყავს

თბილისს 19 მეგობარი და 16 პარტნიორი ქალაქი ჰყავს, რომლებსაც დედაქალაქი ათწლეულებისგანმავლობაში იძენდა. მათთან დაძმობილებისა და პარტნიორობის ხელშეკრულება სხვადასხვა დროს გაფორმდა, რომლითაც ქალაქები ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაცვლაზე შეთანხმდნენ. თბილისის მერიის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაძმობილების ხელშეკრულება ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან, ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ერთი ქვეყნის რამდენიმე ქალაქთან გარკვეული ვადით ან უვადოდ.

- რა მიზანს ემსახურება ქალაქების დამეგობრება ანუ რა კონკრეტული სარგებლობა მოაქვს თბილისისთვის ამ 19 ქალაქთან მეგობრობას?

- ზოგადად, თბილისს აქვს ურთიერთობა საზღვარგარეთის ყველა ქალაქთან, საჭიროებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პროექტის ან კონკრეტული

საკითხის ფარგლებში, შეიძლება ურთიერთობა დამყარდეს ნებისმიერ ქალაქთან, იქნება ეს საერთო ძალებით გრანტის მოპოვება, გამოცდილების გაზიარება თუ სხვა.

თუმცა დაძმობილება/პარტნიორობა ორ ქალაქს შორის ნიშნავს განსაკუთრებულ სტატუსს. გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ქალაქებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა განსაკუთრებული ხდება ასევე, ქალაქთაშორისი ურთიერთთანამშრომლობის ყველა ფორმა პრიორიტეტულად დაძმობილებულ/პარტნიორ ქალაქებთან წარმოებს. მაგალითად, როდესაც ბრისტოლს ევროკავშირის საგრანტო პროექტზე სურდა განაცხადის შეტანა და ეს განაცხადი უნდა ყოფილიყო კოლექტიური (რამდენიმე ქალაქის მონაწილეობით), უპირველესად დაძობილებულ ქალაქებს, მათ შორის, თბილისს შესთავაზა თანამშრომლობა. კულტურული დღეების ან ტურისტების მოსაზიდი კამპანიის გამართვა სწორედ დაძმობილებულ ქალაქებში იგეგმება ორმხრივად (მაგალითად, თბილისის ტურისტულ მიმართულებად წარმოჩენა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში და საპასუხოდ, კრაკოვის პოპულარიზაცია თბილისში).

გამოცდილების გაზიარება საქალაქო მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში პირველ რიგში დაძმობილებულ/პარტნიორ ქალაქებთან ხდება, იქნება ეს სატრანსპორტო ქსელის, საქალაქო ინფრასტრუქტურის თუ ურბანული განვითარების სფეროები, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი, განათლება, მერიის ადმინისტრირება და სხვა. მაგალითისთვის, თბილისში მედიათეკების ქსელის მოდელი თბილისთან დაძმობილებული ქალაქისგან, ნანტისგან გადმოვიღეთ, უპატრონო ცხოველების თავშესაფარი/მენეჯმენტის საკითხების შესასწავლად მერიამ გამოცდილების გაზიარება სთხოვა რიგას, კიევსა და ვარშავას.

თბილისის დაძობილებულ და პარტნიორ ქალაქთა ქსელი საკმაოდ მრავალფეროვანია (განვითარების დონის, სიდიდის თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით), სადაც შესაძლებელია გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების მოპოვება ნებისმიერ სფეროში, რაც თბილისს შეიძლება დასჭირდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის დაძმობილებულ/პარტნიორ ქალაქებთან პოლიტიკური დაახლოების შედეგი იყო ის, რომ ეს ქალაქები ყოველთვის გვერდით ედგნენ საქართველოს დედაქალაქს გაჭირვების დროს, მაგალითად 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის პერიოდში, ჰუმანიტარული დახმარება, სამოქალაქო ტექნიკა და ა.შ. მხარდაჭერა გრძელდებოდა და ხდებოდა მაშინაც, როდესაც ქალაქი მნიშვნელოვანი განსაცდელის წინაშე იდგა (მიწისძვრა 2002 წელს, აგვისტოს ომი 2008 წელს). 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროსაც მსგავსი მხარდაჭერა მიიღო თბილისმა; გარდა იმისა, რომ ფინანსურად დაეხმარნენ დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები, ასევე აღმოუჩინეს საექსპერტო დახმარება, გამოაგზავნეს ტექნიკა და დაეხმარნენ ქალაქს ზოოპარკის ბინადართა გამრავალფეროვნების საქმეში.

- დამეგობრების შემთხვევაში, ეკისრებათ თუ არა რაიმე სახის ვალდებულება მეგობარ ქალაქებს ერთმანეთთან?

- დაძმობილების/პარტნიორობის ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საერთო პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებენ, ასევე საერთო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გამართავენ. გარკვეულ ხელშეკრულებით გაწერილ სფეროებში, გაცვლიან დელეგაციებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.

გაგრძელება იხილეთ