ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ მომავალში ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული სიბერე , - ამის შესახებ პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება იმას, რომ გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო შენიშვნების გაცნობა, რადგან გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.
"დღეს მექნება შენიშვნების გაცნობის შესაძლებლობა და შესაბამისად, ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავაკეთებთ კომენტარს. მოგეხსენებათ, რომ სასესიო სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტი გავა. იმედი მაქვს, რომ წამყვანი კომიტეტი, როგორიცაა ჯანდაცვის კომიტეტი, მხარს დაუჭერს საპენსიო რეფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო განხილვებისას ჩვენ კერძო სექტორთან, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გავაკეთეთ კანონის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ კანონს, რომელიც იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იქნება ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ მომავალში ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული სიბერე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.