დიმიტრი ქუმსიშვილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე - ეს არის რეკორდი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

ეს არის რეკორდი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16.2%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.

”ამავდროულად, მინდა 2 ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოვყო. პირველი ეს არის რეინვესტირების თანხა, რომელმაც 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა და არის 129 %-იანი ზრდა. მინდა ჩვენი მოსახლეობისთვის ავხსნა, თუ რას ნიშნავს ეს, რისი დადასტურებაა და რატომ არის სასიხარულო ეს მოვლენა. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ ესტონური მოდელი, რომელიც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაინერგა, რეალურად მუშაობს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა, რომლებმაც მოგება ნახეს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყანაში დაეტოვებინათ ფული და საქართველოშივე მოეხდინათ რეინვესტირება, შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები.

"რატომ არის სასიხარულო ინვესტიციები ჩვენი ქვეყნისთვის? იმიტომ, რომ ინვესტიციებს მოჰყვება ცოდნა, ინოვაციები, ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამ მიმართულებითაა სასიხარულო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ასახვა ჩვენს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებაზე, რაც საბოლოო ჯამში, ასევე უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მას არ აქვს კავშირი ვალუტის კურსთან, მაგრამ აქვს კავშირი სტაბილურობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ჩვენ ვართ რეკორდულ მაქსიმუმზე. ამ რეკორდული მაქსიმუმიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეფორმები მუშაობს. რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ახლა კრეფს თავის ინერციას. როგორც გვქონდა ჩვენ გათვლილი, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ეს რეფორმა გაცილებით მეტ ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე წლიდან წლამდე და ჩვენ საკმაოდ დიდ ეფექტს მივიღებთ, როგორც სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკურ ზრდაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.