2018 წლის 10 აპრილიდან „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა დედაქალაქის მერიას კომპანია „სითი პარკისთვის“ კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, 25 მილიონზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში კომპენსაციის ოდენობა დაკონკრეტებული არ არის.
კერძოდ, როგორც მერიასა და „სითი პარკს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ IDFI-ი წერდა, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მისი დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მოხდებოდა, თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სითი“ პარკისთვის აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სი-თი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
„კომპენსაცია გადასახდელი იქნებოდა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია შეწყვეტდა ხელშეკრულებას საკუთარი მიზეზით, სითი პარკის მხრიდან აღებული ხელშეკრულებების დარღვევის გარეშე, არამედ მაშინაც კი თუ შპს „სითი პარკი“ თავად შეწყვეტდა ხელშეკურლებას თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით - 500,000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ხოლო თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სითი პარკისთვის“ აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
კომპენსაციაზეა საუბარი ხელშეკრულების აქამდე საიდუმლო მე-5 მუხლშიც, რომელიც ეხება შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების შედეგებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სითი პარკის“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობას, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი, მაშინ შპს „სითი პარკი“ უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მოთხოვნიდან 60 დღეში, შემდეგი ოდენობით: საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამას გარდა, შპს „სითი პარკი“ უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს. საიდუმლოდ იყო მიჩნეული ერთ-ერთი დანართის მუხლიც, რომლითაც იცვლებოდა ინფლაციის შემთხვევაში შპს „სითი პარკისთვის“ კომპენსირების პირობები.
საინტერესოა, რომ "სითი პარკის" მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა. ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, „სითი პარკს“ არ დაუბრუნდებოდა გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები. ასევე ნათქვამია, რომ თუ“ სითი პარკი“ არ შეასრულებდა მასზე აღებულ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მათ, მერიას შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია. თუმცა, მერიისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაანგარიშების წესი, „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ ყოფილა,“-აღნიშნულია idfi-ს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „სითი პარკს“ დედაქალაქში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას 2024 წლამდე ფლობს.