აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის მსურველი 4 კომპანიიდან 3 უცხოურია

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ტენდერი 2017 წლის 14 დეკემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 2018 წლის 26 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს შეწყდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 549 330 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე კომპანიების შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ტენდერის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პრეტენდენტებს, ტენდერში მონაწილეობს COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, რომელიც ესპანური კომპანიაა და საქართველოში ფილიალი აქვს. მის მიერ შეთავაზებული თანხა 3 490701.00 ლარია.

კიდევ ერთი პრეტენდენტია ქართული კომპანია შპს ABEKA, რომლის შეთავაზებული თანხა 3 422 554.00 ლარია.

ასევე ტენდერში მონაწილეობს აზერბაიჯანული კომპანიის ქართული ფილიალი „კ.ე.ქონსტრუქტიონ-ჯეორჯია“ და მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 699 277.00 ლარს შეადგენს.

პრეტენდენტია ჩინური კომპანიის ქართული ფილიალი შპს „ეი ვი აი სი გრეითვოლ დადი კონსტრაქშენ გრუპიც“, რომლის მიერ შეთავაზებული თანხა 2 450 899.00 ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველომ მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად მიიღო და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენება შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი.

ობიექტი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ საქართველოში, თბილისიდან 250 კმ-ის დაშორებით. 1932 წელს, აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა ობსერვატორია მთა ყანობილზე, კურორტ აბასთუმანთან ახლოს. ობსერვატორია უკავშირდება კურორტ აბასთუმანს საბაგიროთი, რომელიც გაივლის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ობსერვატორია და მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს:

- ავტოსადგომის მოწყობას;

- საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას;

- ტელესკოპი AZT-11 ცენტრალური შენობის რეაბილიტაციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას;

- არსებული საბაგიროს რეაბილიტაციას.

თეონა კენჭიაშვილი