კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “სილქნეტს” “ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართული სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომისიამ გადაწყვიტა, რომ არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.
“კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, რამდენიმე ეტაპიანი ბაზრის კვლევა და ანალიზი ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100 %-იანი წილის შეძენაზე წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიზის შედეგების მიხედვით აღნიშნული ტრანზაქციის შემაფერხებელი გარემოება არ გამოიკვეთა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია „ჯეოსელსა“ და „სილქნეტს“ მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და ინდივიდუალურად უნდა აცნობონ. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს.
ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, რომ აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და მათ დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.
რაც შეეხება საბითუმო მომსახურეობის ბაზარს, კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით, მხარეები აღნიშნულ ბაზარზე ვერ შეზღუდავენ კონკურენტ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ, ვერ შეძლებენ საბითუმო მომსახურეობის ბაზარზე ფასებისა და პირობების გაუარესებას. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზარს „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის შეძენის ტრანზაქცია ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადია“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“, შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე, კომუნიკაციებს ეროვნულ კომისიას თანხმობის მიღების თხოვნით 2018 წლის 6 თებერვალს მიმართეს.