თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანამშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანამშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით თანამშრომლებთან დაკავშირებით. ჩვენ ფუნქციები უნდა გადმოვიბაროთ, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, გვყავს ჩვენი თანამშრომლები, კონტროლიორები, თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, რასაკვირველია, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში. ერთი რამ ცხადია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც არსებობდა პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, სამართლიანი და მოქალაქეების უფლებებზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველანაირ ზომას, რომ შედეგები იყოს რბილი და არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები“, - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს დადო. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა.