პარლამენტში იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან მიმართებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ.
კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ცნება „ბოლო საცხოვრისი“ ანუ უძრავი ნივთი, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს და იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ფიზიკურ პირს ერთადერთი სახლი აქვს ბანკში ჩადებული ან კერძო მევახშესთან იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხას ვერ დაფარავს, ბანკი ან მევახშე ამ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის.
აღნიშნულ საკითხს უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge გამოეხმაურა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი მუდმივად დიდია და მოქალაქეთა უმრავლესობა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დიდ პრობლემებს აწყდება. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოქალაქეები იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას კარგავენ.
„ჩვენი ბროკერები ყოველ ნაბიჯზე ხვდებიან ისეთ უძრავ ქონებას, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული. ხშირია შემთხვევები, რომ სწორედ იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უწევთ უძრავი ქონების გაყიდვა, რათა ამ ფორმით მაინც დაფარონ სესხი. ვინაიდან ჩვენი გუნდი პროფესიონალი იურისტებით არის დაკომპლექტებული, ამ ხარვეზს სწრაფადვე ვადგენთ და პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამის ღონისძიებებსაც ვატარებთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ზემოხსენებულ ტენდენციას არ გამორიცხავს,“- აღნიშნა Myclient.ge-ს დირექტორმა გვანცა გუჯელაშვილმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, თუკი იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემები საკანონმდებლო კუთხით ოდნავ მაინც შემსუბუქდება.
„საპარლამენტო ინიციატივა, რომლის თანახმადაც „ბოლო საცხოვრისის“ მქონე მოვალეს იპოთეკით დატვირთულ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის, პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რადგან მიკროსაფინანსოებისა და კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მზარდ სტატისტიკას შეასუსტებს. თუკი აქამდე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია მაშინვე ხდებოდა, ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალეს ეძლევა შანსი, რომ ნივთის რეალიზაცია არ მოხდეს,“-აცხადებს გუჯელაშვილი.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თუ აღმასრულებლის მიერ დადგინდება, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მოვალის და მისი ოჯახის წევრების ბოლო საცხოვრებელ სახლს აღმასრულებელი ვალდებულია, სააღსრულებო საქმის წარმოება 3 წლის ვადით შეაჩეროს.
ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში მოვალე კრედიტორის სასარგებლოდ ყოველთვიურად იხდის ვალდებულების „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ყოველი წლის 1 მარტიდან არის ძალაში.
ერთი წლის განმავლობაში 6 თვის სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განაახლებს იძულებითი აღსრულების საქმის წამოებას და „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სარეალიზაციოდ მიაქცევს მოვალის ბოლოს საცხოვრისს“.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, თუ სამი წლის შემდეგაც არ დაფარავს მოვალე თანხას, აღმასრულებელს უფლება ეძლევა, რომ გაასხვისოს უძრავი ქონება; ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის ბოლო საცხოვრისი უკვე რეალიზებულია, მაგრამ ის იძულებით არაა იქიდან გამოყვანილი, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში, მას შეუძლია გამოისყიდოს გასხვისებული ქონება იმ ოდენობის თანხით, რამდენადაც გაიყიდა უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე; ხოლო თუ ამ ვადაშიც არ გამოისყიდის, მაშინ კანონიერ მესაკუთრეს შეუძლია ეს ქონება გამოითხოვოს უკვე სასამართლოს გზით.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „მხოლოდ ამ ფორმით დადგენილი რეგულირების შემთხვევაშია შესაძლებელი კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობების დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა უსახლკაროდ დარჩენისგან“.
„კანონპროექტი ხელს შეუწყობს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლისთვისაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენს ბოლო საცხოვრისს. ამასთანავე, კანონპროექტის მოქმედება ზეგავლენას მოახდენს კრედიტორების ფინანსურ მდგომარეობაზე, რამდენადაც კანონპროქტის შესაბამისად სააღსრულებლო წარმოება შეჩერდება მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 3 წლით. შეჩერების პერიოდში კრედიტორი მიიღებს კანონპროექტით განსაზღვრულ შემოსავლებს“, - წერია განმარტებით ბარათში.
წყარო: myclient.ge