მინის იატაკი, დეკორატიული ქვები - როგორი იქნება განახლებული „თეთრი ხიდი“ ქუთაისში (+ფოტო)

ქუთაისში „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 28 მარტს იწყება და 2 აპრილს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 444 966 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა 10 წელია, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს.

„რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება ხიდის სავალი ნაწილის მოპირკეთება ტერასის ტიპის იატაკის კომპოზიციური მასალით; ხიდის სავალ ნაწილზე მინის იატაკის მოწყობა, ლამპიონების განახლება, ხიდზე დეკორატიული თეთრი ქვების მოწყობა და სხვა სამუშაოები,“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ცნობისთვის, „თეთრი ხიდი“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობაა.