დარიალის ხეობიდან ევაკუაცია გრძელდება

დარიალის ხეობაში ადამიანების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ევაკუირებული ადამიანები აცხადებენ, ადგილზე დაახლოებით 250 პირი იმყოფებოდა, რომლებიც მუშაობენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ასევე დასაქმებულები არიან "დარიალჰესის" მშენებლობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ასევე მგზავრები, რომლებიც ვლადიკავკაზის მხრიდან ყაზბეგის მიმართულებით მოდიოდნენ. ისინი იმყოფებიან ავტომობილებით და ვერ წყვეტენ, დათანხმდნენ თუ არა ვერტმფრენით ევაკუირებას.

ამასთან, ევაკუირებულია ასევე დარიალის სამონასტრო კომპლექსის მღვდელ-მონაზვნების ნაწილი.

ევაკუირებული ადამიანები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 50-მდე ადამიანია დარჩენილი, რომლებიც ასევე უნდა გამოიყვანონ.

როგორც ზურაბ ქასრაშვილი (იმ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც აწარმოებს "დარიალიჰესის" მშენებლობას) აცხადებს, ჯერჯერობით არ არსებობს საფრთხე, რომ მიწის მასა კვლავ ჩამოიშალოს. მისი ვარაუდით, მეწყრის ზონის მიღმა დარჩენილი ადამიანების ევაკუირება მოკლე დროში მოხდება.