"მენაშენეთა ასოციაცია“: პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად მერს ადმინისტრირების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა მოუწევს“

კომპანია „სითი პარკთან“ 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „მენაშენეთა ასოციაციაში“ პოზიტიურად აფასებენ.  

„ეს მოვლენა, რომელიც თბილისელების მონოპოლისტური თამაშის წესებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, თვისობრივად შეცვლის პარკინგის ბაზარზე დამკვიდრებულ არაჯანსაღ მდგომარეობას. ბუნებრივია, ეს არ იყო თბილისის მერიისთვის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერს კიდევ უფრო არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს და ეს იქნება ადმინისტრირების გამკაცრება და ჯარიმების ზრდა, რაც თავისთავად პარკინგით სარგებლობის ფასის მკვეთრ ზრდს გამოიწვევს. სხვაგვარად პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და მიუხედავად გადაწყვეტილების არაპოპულარულობისა ეს ნაბიჯი ნამდვიალდ სწორი იქნება“, – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ირაკლი როსტომაშვილი.

მენაშენეები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარების მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მომდევნო გადაწყვეტილებებმა პარკინგის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყონ და არა „მონოპოლიის ერთი ხელიდან მეორეში გადაბარება“.

„ამის შემდეგ თავისუფალმა ბაზარმა ან კონკურენციამ უნდა დაარეგულიროს პარკინგის ბაზარი, რათა ეს სფერო მომგებიანი გახდეს და რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, კვალიფიციური კომპანია მოიზიდოს დედაქალაქის უბნებში. თბილისში დამკვიდრებულ ქაოსური პარკინგის მახინჯ ტრადიციას მხოლოდ კონკურენტული გარემო გაანეიტრალებს “, – აღნიშნა როსტომაშილმა.

„მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლები თბილისის მერს კახა კალაძეს პარკინგის პრობლემის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავენ. ორგანიზაციის ლიდერები უერთდებითან წამოწყებას „შენი იდეა მერს“ და რეკომენდაციების 12-პუნქტიან პაკეტს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.