2011 წელს საზოგადოებამ პირვალდ ნახა ქართული მრავალფუნქციური შეჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება "დიდგორი", რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, მათ შორის, ინდუსტრიულ დიზაინერზე გიორგი თედორაძეზე. 2016 წელს საქართველოში შექმნილი სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები საექსპორტოდ გავიდა და სწორედ იმ პერიოდში დაიწყო გიორგიმ ჯავშანტრანსპორტიორზე ფიქრი.
"თუ ჩვენი შექმნილი პროდუქცია საზღვრებს გარეთ წარმატებით იყიდება, მაშინ ჩვენ ის უნდა განვავითაროთ და უფრო დავხვეწოთ. შეგვიძლია, შევქმნათ უკეთესი და უსაფრთხო ავტომობილი", - ამბობს გიორგი, რომელსაც დაებადა "ბასიანის" შექმნის იდეა და შექმნა კიდეც. თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდა 3 სხვადასხვა ზომის ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებსაც მანამდე პროექტის სახით წარმოადგენდა ხოლმე. "მიზანი მარტივია, უბრალოდ, მინდოდა, მეჩვენებინა, რომ გვაქვს პოტენციალი, შევქმნათ საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორები", - განმარტავს გიორგი.
- ბავშვობიდან ვხატავ. ხატვა იმდენად პატარამ დავიწყე, რომ ჯერ ლაპარაკიც მიჭირდა. ვაკვირდებოდი ობიექტებს და სურვილი მქონდა, გამეგო, რატომ გამოიყურებოდნენ ასე და არა სხვაგვარად. ყველაზე მეტად ავტომობილები მიტაცებდა. როდესაც პირველად უცხოური ავტომობილი ვნახე, მეგონა, გადატრიალება მოხდა. ეს იყო ჩვეულებრივი Volvo 740, არადა, უცხოპლანეტელი მეგონა, ძველი საბჭოური ავტოტრანსპორტისგან განსხვავდებოდა, მაგრამ მაშინ რთული დრო იყო, საინტერესო მასალასაც კი ვერ ნახავდი, რომ წაგეკითხა. თუ ვინმე ნაცნობი უცხოეთში ცხოვრობდა, ვთხოვდი, ჩემთვის ჟურნალები და წიგნები ჩამოეტანათ. მერე ინტერენეტი გაჩნდა და თითქოს უსაზღვრო შესაძლებლობების ახალი სამყარო გაიხსნა. როცა ადამიანს რაღაც ძალიან გინდა ისწავლო, არ არსებობს ძალა, რომელიც შეგაჩერებს.
- ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა როდის დაიწყე?
- სხვადასხვა შეკვეთაზე დამოუკიდებლად მუშაობა 2007 წლიდან დავიწყე. ჩემი პირველი შემკვეთები მეგობრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ავტომობილის დიზაინს არავინ მიკვეთავდა, მაგრამ თავსაც ვერ ვანებებდი. ძირითადად შეფუთვის დიზაინის, ბრენდინგის და ავეჯის დიზაინის მიმართულებით ვმუშაობდი. როგორც კი ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, დიზაინერების მიმართ მოთხოვნებიც შეიცვალა და სწორედ მაშინ გამომადგა ამდენი წლის წვალება. ახლა ჩემმა შემკვეთმა იცის, რომ თუ მას რაღაც უცნაურად ეჩვენება, ეს "ცუდს" არ ნიშნავს. ინოვაციები მომხმარებლისთვის ყოველთვის საეჭვოა, დიზაინერს უნდა შეეძლოს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ შეთავაზებული იდეა უკეთესია, ვიდრე მანამდე იყო. ყოველთვის იფიქრეთ, რა იქნება ხვალ და ზუსტად გეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცეთ დღეს!