ნავთობის ფასის კლება ლიბიიდან მიწოდების შეფერხებამ შეაჩერა

შეერთებულ შტატებში მოპოვების ზრდით გამოწვეული გაიაფების შემდეგ, ნავთობის ფასი ოდნავ გაძვირდა მას შემდეგ, რაც ლიბიის მთავარ ნავსადგურში, ნედლი ნავთობის ჩატვირთვა შეფერხდა.

საუბარია ნავთობის საექსპორტო ტერმინალ ზავიაზე, საიდანაც ელ შარარას საბადოზე მოპოვებული ნავთობის ექსპორტი ხორციელდება. მისი დღიური სიმძლავრე 308 ათასი ბარელია. პორტის გაჩერების მიზეზი, მისი თანამშრომლების გაფიცვა გახდა.

ბრენტ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელში 65.06 დოლარს მიაღწია. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფიუჩერსის ფასი კი ბარელში 61.53 დოლარამდე გაიზარდა. ორივე მარკის ნავთობის ფასი ორშაბათს დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ენერგიის ადმინისტრაციამ (EIA) გამოაცხადა, რომ აპრილში ქვეყანაში ფიქალის ნავთობის მოპოვების რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი.

„ლიბიაში საექსპორტო ნავთობის ჩატვირთვა შეფერხდა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ამჟამად ნავთობის ფასი იზრდება. იმავდროულად, EIA ადასტურებს ბაზრის მოლოდინს, რომლის შესაბამისადაც, აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს „PVM ოილ ესოშეიტედის“ ანალიტიკოსი ტამაშ ვარგა.

EIA-ს პროგნოზით, შეერთებულ შტატებში ფიქალური ნავთობის დღიური მოპოვება აპრილში 131 000 ბარელით გაიზრდება და 6.95 მილიონს მიაღწევს.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, შეერთებულ შტატებში დღიური მოპოვება წელს 11 მილიონ ბარელს მიაღწევს და ამით აშშ მსოფლიოს ლიდერი ნავთობ მომპოვებელი ქვეყანა გახდება.