უნდა განისაზღვროს თუ არა მინიმალური ხელფასი კანონით საქართველოში?

1999 წელს მინიმალურ ხელფასად საქართველოში 20 ლარი დაწესდა, თუმცა,დღეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ხელფასები უფრო მაღალია.

წლებია, საქართველოში დასაქმება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დგას, დასაქმებულები კი დაბალ ანაზღაურებასა და გაძვირებულ ცხოვრებას უჩივიან. სწორედ ამიტომ, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, დროდადრო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მინიმალური ხელფასი კანონით განისაზღვროს, რათა არც ბიზნესმა და არც საჯარო სექტორმა შრომით დაქირავებულ კანონით დადგენილ მაჩვენებელზე დაბალი ანაზღაურება არ გასცეს.

რამდენად გააუმჯობესებს ეს დასაქმებულთა ფინანსურ მდგომარეობას და როგორია ამ მიმართულებით უცხოური პრაქტიკა?

მინიმალური ხელფასის ზღვრის კანონით განსაზღვრის პრაქტიკა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წლების განმავლობაში

მკვიდრდებოდა, თუმცა როგორც ექსპერტთა ნაწილი განმარტავს, განვითარებულ ეკონომიკაზე მსგავს რეგულაციებს მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა არ აქვთ, რისი თქმაც სპეციალისტებს საქართველოს შემთხვევაში არ შეუძლიათ, თუმცა მათი ნაწილი საკითხზე განსხვავებულად ფიქრობს.

მაგალითად, ეკონომისტ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ საბაზრო ეკონომიკა სრულყოფილად ვერ ჩაითვლება თუ მას არ აქვს ისეთი ინდიკატორები, რომლებიც შრომით ბაზარზე საბაზრო ურთიერთობებს უზრუნველყოფს.

"ერთ-ერთი ასეთია მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა, იქნება ეს საათობრივი თუ დღიური. ბაზრის 4 სახეობიდან: საქონელი, მომსახურება, კაპიტალი და შრომითი ბაზარი, ეს უკანასკნელი საქართველოში ყველაზე ნაკლებად განვითარებულია, რაზეც დასაქმებულთა რიცხოვნობა მეტყველებს. დაქირავებულის შრომაზე ჩვენ დღეს მინიმალური ანაზღაურება დაწესებული არ გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, განსაზღვრული უნდა იყოს. ამას კი უზრუნველყოფა სჭირდება. აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, თუ სამუშაო ძალა გაძვირდება, შეიძლება ეს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაიზარდოს, ასე რომ არ მოხდეს, ყველა გვერდითი ფაქტორი გასათვალისწინებელია, სანამ მკურნალობას დავიწყებთ, უნდა განვსაზღვროთ, ეს უარყოფით ზეგავლენას მოახდენს თუ არა პაციენტზე," - განმარტავს ეკონომისტი.

მისივე მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ცივილიზებული ურთიერთობებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ეკონომისტი არც იმას გამორიცხავს, რომ უმუშევრობის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდოს.

"მინიმალური ხელფასის დაწესება გაზრდის სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხეს, თუმცა ჩვენი ბაზარი იმდენად მყიფეა და იმდენად ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უშუალოდ შეამცირებს თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება," - აღნიშნავს ის.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ეკონიმისტებს - აკაკი ცომაიასა და მიხეილ დუნდუას.

ისინი მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება ზრდის უმუშევრობის მაჩვენებელს და აძვირებს საქონელსა და მომსახურებას.

"მაგალითად, მინიმალური ხელფასი არა 200-300-ით, არამედ 1 500 ლარით რომ განისაზღვროს, ეს ქვეყანაში უმუშევრობის დონეს ცალსახად გაზრდის, იგივე მოხდება 200-300 ლარის შემთხვევაშიც, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. ასევე აღნიშნული აისახება საკვების ფასებზეც. სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა გაიზრდება, მიწოდება შემცირდება, დაგროვდება ჭარბი სამუშაო ძალა, რაც უმუშევრობის ზრდას შეუწყობს ხელს, ფასებზე ზეგავლენას კი ირიბად მოახდენს. ნებისმიერ ეკონომიკის სახელმძღვანელოში კლასიკაა, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება იწვევს უმუშევრობის დონის გაზრდას," - აღნიშნავს ეკონომისტი.

მისივე თქმით, აღნიშნული პრაქტიკა ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს, იმიტომ რომ ამომრჩევლის მხრიდან არსებობს დაკვეთა და პოლიტიკოსების მხრიდან პოპულისტური მოსაზრებები, რომლებიც ზღაპრებს გვპირდებიან ხოლმე, რათა ამომრჩევლის გული მოიგონ. "აქედან გამომდინარე, ამ კანონის დაწესებას ეკონომიკური შინაარსი ნამდვილად არ აქვს," - განმარტავს ის.

გაგრძელება იხილეთ