"არ შეიძლება პარკირების საჯარიმო სანქციების ნაწილი კომერციულად მიმზიდველად ვაქციოთ"

პარკინგის ახალ მოდელზე გადასვლამდე არსებული საპარკინგე სისტემის შენარჩუნება გვჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

“აუცილებელია სულ მინიმუმ არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ, რათა ქაოტური პარკირება არ მივიღოთ. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ გარდამავალი პერიოდისთვის არსებული სისტემა შეინარჩუნოს. ახალი სისტემის შემუშავებას და დანერგვას ცოტა მეტი დრო სჭირდება. როდესაც ჩვენ პარკირების გამართულ მოდელზე ვსაუბრობთ, ის არის რამდენიმე კომპონენტიანი და ეტაპობრივად განსახორციელებელი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, შესაბამის ფუნქციას დროებით სატრანსპოსტო კომპანია შეითავსებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ადმინისტრირებას ახდენს.

“სანქციების ადმინისტრირების ნაწილი არამც და არამც არ შეიძლება კომერციულად მიმზიდველი იყოს. არ შეიძლება ჩვენ კომერციულად მიმზიდველი გავხადოთ და რომელიმე კომპანიას უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების ფუნქცია გადავცეთ. ამ შემთხვევაში შეიძლება ინტერესთა კონფლიქტთან გვქონდეს საქმე“, - აღნიშნა ბითაძემ.

თბილისის მერია კომპანია “სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია “სითი პარკს“.